Thursday, January 24, 2013

ღირშესანიშნაობები


ისტორია
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს.
ღირშესანიშნაობები
ნიკორწმინდის ეკლესია
 ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის  წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.
 ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს.  აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე  გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად  არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.
ბარაკონის ტაძარი
ბარაკონი, ღვთისმშობლის ტაძარი, ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით 1753 წელს ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.
ხოტევის ციხე
 ხოტევის ციხე – ციხესიმაგრე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში, სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის  უკანასკნელ მეოთხედში. ციხე ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები. მას გარს ერტყა გალავანი. ციხე  ორსართულიანი იყო. ხოტევის ციხე ძალზედ მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა.
 მას მოიხსენიებს ასევე გერმანელი მეცნიერი, მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი. მისი სიტყვით ხოტევის ციხე მეფემ გადასცა თავად  წულუკიძეს, მაგრამ რომელმა მეფემ და როდის, ამის შესახებ მეცნიერი არაფერს გვეუბნება. მისივე ცნობით ციხის ქვემოთ არის  გაუვალი ტბა.
მინდა ციხე
მინდა ციხე – შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესის მახლობლად. ეკუთვნოდა რაჭის ერისთავებს.
მრავალძალის ეკლესია
 მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის  მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე  ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს  დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში  მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.
დაცული ტერიტორიები
 რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიები
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები მებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმისა და რაჭის ტერიტორიებზე.  იგი ვრცელდება ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 500-4600 მ სიმაღლის ფარგლებში.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიების გეგმარებითი ფართობია 229 532 ჰა და იგი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნულ პარკს, 12 ბუნების ძეგლს, 4 აღკვეთილსა და 1 დაცულ ლანდშაფტს.
კურორტები
 შოვი
 შოვი – სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (გლოლის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა  შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.
 შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო  ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და  ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა,  კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება – ივნის-ოქტომბერში.
ღები
ღები — სოფელი მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მ. ონიდან 35 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 492 კაცი. ღების საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.
მუზეუმები
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: 3600, ონი, რუსთაველის ქ. 26
ტელეფონი: (+995 99) 376 863
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, სტუდენტებისა და ბავშვებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი პირები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმის მისამართი: ლენტეხი, ილია ჭავჭავაძის ქ. 14
ტელეფონი: (+995 90) 87 87 24
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ, ბავშვებისათვის: 0.20 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი პირები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

No comments:

Post a Comment